Fitness Menu

1_culinart_issue29

ყოველთვის სპორტული, აქტიური და გამხდარი იყო. სიგამხდრესა და მოხდენილ სხეულს ნაწილობრივ გენეტიკას უკავშირებს, მაგრამ მეტწილად – სწორ კვებასა და რეგულარულ ვარჯიშს.

„დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომელიც ჭამს რასაც უნდა და რამდენსაც უნდა. დარწმუნებული ვარ, ასე რომ ვიკვებო, აუცილებლად მოვიმატებ წონაში. ჩემი კვების რაციონს ყოველთვის ვაკონტროლებ. სამწუხაროდ, საქართველოში სწორი კვების დაბალი კულტურა გვაქვს. ბევრს მიაჩნია, რომ თუ არ იშიმშილა ან რაიმე სახის კაბალური მონო-დიეტა არ დაიცვა, ვერ გახდება. ეს მცდარი შეხედულებაა. მიხარია, როდესაც ვიგებ, რომ ადამიანები ჭარბი წონის დასაკლებად პროფესიონალებს მიმართავენ. მე ამ დარგის პროფესიონალი არ ვარ, თუმცა ძალიან ბევრი წამიკითხავს და მიმუშავია ამ თემაზე. აქედან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ:

კომბინაცია ძალიან მარტივია – მიიღეთ ზუსტად იმდენი კალორია,რამდენსაც დახარჯავთ. მიიღეთ საკვებით – დახარჯეთ ფიზიკური აქტივობით.

თუ ცხოვრების აქტიურ წესს მისდევთ – მუშაობთ, სეირნობთ, სპორტით ხართ დაკავებული, სწორი, დაბალანსებული კვება აუცილებელია. მიმაჩნია, რომ ელემენტარული ცოდნა საკვებისა და მისი არსებითი შემადგენლობის შესახებ, ყველას უნდა ჰქონდეს. მაგალითად ის, რომ ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები ადამიანის ორგანიზმის სწორი და ჯანმრთელი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია და ყველა მათგანის მიღება, დაბალანსებული დოზებით, საჭიროა. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და განსხვავებული ცხოვრების წესი აქვს, ამიტომაც ცხადია, კვების რეჟიმი ყველას ერთნაირი ვერ ექნება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საიდუმლო ბალანსშია. არ შეიძლება საკუთარ თავს ყველაფერზე ვუთხრათ უარი. თქვენ წარმოიდგინეთ, ხანდახან ის „მავნე“ კრემიანი ნამცხვარიც საჭიროა – თუნდაც იმიტომ, რომ გლუკოზას შეიცავს, რომელიც თავის მხრივ, ტვინის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. არსებობს მოსაზრება, რომ გლუკოზის მიღებისას (ისევე, როგორც ვარჯიშის დროს) გამოიყოფა ჰორმონი ენდორფინი და ნეიროსტიმულატორი სეროტონინი – ე.წ. ბედნიერების ჰორმონები. ამიტომ, ხანდახან, თუ ცუდ გუნებაზე ვართ, ზომიერად მიღებული ტკბილეული არაფერს გვავნებს. ფსიქიკური ჯანმრთელობა ხომ ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

მუდამ ხალისიანი და დადებითი ენერგიით დამუხტული თეონა მრავალი წელია ვარჯიშობს და ეს მისი ცხოვრების ჩვეულებრივი წესი გახდა. ვარჯიშობს, უპირველესად, საკუთარი თავის სიამოვნებისთვის და არა იმიტომ, რომ ზაფხულის მოახლოებისას კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნება უნდა. წლების მანძილზე სხვადასხვა ტიპის ვარჯიში და კვების რეჟიმი უცდია. ამბობს, რომ ახლა ოპტიმალურ ვარიანტს მიაგნო. დარბაზში ვარჯიშობს როგორც კარდიოაერობიკას, ასევე იოგას და მიაჩნია, რომ ამ კომბინაციამ ყველაზე კარგი შედეგი მოუტანა მის სხეულსა და განწყობას. ამავდროულად, კვებასაც დიდ ყურადღებას აქცევს. მითუმეტეს, ცნობილია როგორც გურმანი და ძალიან კარგი მზარეული. რაციონისა და პროდუქტების შესახებ ბევრი იცის და ბევრიც საკუთარ თავზე გამოუცდია. რჩევებს გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე გვაძლევს და მის შემხედვარეს რთულია ეჭვი შეგეპაროს ამგვარი ცხოვრების წესის ეფექტურობაში. უკვირს, როდესაც ვარჯიშის დროს გოგონები წყალსაც არ სვამენ – ჰგონიათ, გასუქდებიან. ყველას ეუბნება, რომ ეს კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან ვარჯიშის დროს ორგანიზმის გაუწყლოება ხდება და აუცილებელია სითხით ბალანსის აღდგენა. ასევე არასწორია დამოკიდებულება „2 საათი ვარჯიშის წინ და შემდეგ არ უნდა ჭამო“. მთავარია რას მიირთმევთ, რა ტიპის ფიზიკურ დატვირთვას აპირებთ, რა შედეგი გსურთ, და რომელ საათზე ვარჯიშობთ. ვარჯიშის წინ საფუძვლიანი კვება ხელს შეგიშლით, ამიტომ მინიმუმ ერთი საათი უნდა იყოს გასული. თუ დღის პირველ ნახევარში ვარჯიშობთ და კუნთის მასის გაზრდა თქვენი მიზანი არ არის, ვარჯიშამდე შეგიძლიათ მიირთვათ მსუბუქი სალათი, თევზი, თუნდაც პასტა (ცხიმიანი სოუსის გარეშე). აუცილებლობას არ წარმოადგენს ვარჯიშის მერე ჭამა, განსაკუთრებით საღამოს, მაგრამ თუ გინდათ, რომ კუნთი გაგეზარდოთ ან ძალიან შეგაწუხებთ შიმშილი, შეგიძლიათ ცილებით გაჯერებული საკვები მიიღოთ. მაგალითად – მაწონი, ნაკლებცხიმიანი ყველი ან კვერცხი.

1_culinart_issue30

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com