2014 კულინარული ტრენდები

1_culinart_issue7

მოდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მისი ტენდენციები კი _ მუდმივად ცვალებადი. ჩვენც, როგორც თვინიერი მოსწავლეები, ვუსმენთ, ვემორჩილებით და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ იმას, რასაც „მაღალი მოდა“ გვირჩევს. ერთ სეზონზე შესაძლოა უხერხულობამდე დავამოკლოთ კაბის სიგრძე, ხოლო შემდეგ, პირიქით _ კოჭებამდე სამოსში გამოვეწყოთ. მცდარია მოსაზრება, თითქოს მოდა მხოლოდ ჩაცმის ან ვარცხნილობის სტილს გვკარნახობს. მოდას ნებისმიერი მიმართულება გააჩნია და ის ჩვენს სამზარეულოებშიც აღწევს. მაგალითად, სულ რამდენიმე წლის წინ ელეგანტური სუფრა წარმოუდგენელი იყო კანაპეს გარეშე, დღეს კი ეს კერძი უკვე მოძველებულია. იმისათვის, რომ კულინარიულ მოდას არ ჩამოვრჩეთ და „მხარი ავუბათ“, უნდა ვიცოდეთ თუ რა ტენდენციებია მოსალოდნელი ამ სფეროში.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ მიმდინარე წლის პროდუქტების „ჰიტებს“:

ლ ი მ ო ნ ი

1_culinart_issue8

ლიმონი უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ჩაისთან ასოცირებულ პროდუქტს და ეს არომატული ციტრუსწვენის, მურაბის, იოგურტის ან გემრიელი ნამცხვრის დანამატის სახით გვხვდება. ლიმონს ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და არ იქნება გადამეტებული, თუ ვიტყვით, რომ მისი დღითიდღე მზარდი პოპულარობა ლიმონის დამსახურებაცაა. ლიმონის უნივერსალური, სუფთა და დახვეწილი გემო ხშირად ძვირფას მოგონებებსაც აღძრავს, რომელიც საყვარელ ლიმონათთან თუ ბებიის ხელით მომზადებულ ნამცხვართან ასოცირდება… ყოველივე ზემოჩამოთვლილი იმის მიზეზი გახდა, რომ ლიმონი 2014 წლის „გემოთა“ შორის წამყვან პოზიციაზეა.

ჩ ა ი ს  ფ ო თ ლ ი ს  გ ე მ ო

1_culinart_issue9

თუკი ლიმონი აღარ ასოცირდება მხოლოდ ჩაისთან . აღარც ჩაი უკავშირდება მხოლოდ საღამოს საუბრებს , ან ვახშმად მირთმეულ კარაქიან პურს … უკანასკნელი ტენდეციების მიხედვით, ჩაის ფოთოლი სხვადასხვა კერძების, განსაკუთრებით კი დესერტების მნიშვნელოვან ინგრედიენტად იქცა . მას შემდეგ , რაც მზარეულებმა და კულინარიის დამფასებლებმა ჩაის ახალი მხარე აღმოაჩინეს , ისინი არ ერიდებიან ნოვატორულ ექსპერიმენტებს და შესაძლოა სულ მალე , უხორცო ან უცხიმო კერძები, სწორედ ჩაის ფოთლის არომატმა გაამდიდროს.

ახლო აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო

ხმელთაშუა ზღვის კერძების მზარდი პოპულარობის შესახებ უკვე აღვნიშნეთ. ფაქტია, რომ წელს მისმა რეიტინგმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის მიზეზი, ექსპერტების აზრით, მენიუში ეგზოტიკური კულინარიული ქვეყნების _ თურქეთის, ისრაელისა და ლიბანის დელიკატესების დამატებაა. პოპულარული გახდება პაპრიკისა და ბალახის ნარევის _ ზათარის გემო. ეს უკანასკნელი, ლიბანური პიცის _ „მანაქიშის“ შემადგენელი ნაწილია.

თ ხ ი ლ ი – რძის პროდუქტების ნაცვლად

1_culinart_issue10
ექსპერტების აზრით, ნელ-ნელა ტრადიციულ რძეს ჯანსაღი, არომატული ნუშისა და არაქისის რძე ჩაანაცვლებს, რომელიც პოპულარული გახდება როგორც სასმელის, ასევე სოუსისა და კერძის დანამატის სახით.

წყალსა და ორთქლზე მომზადებული კერძები
უმრავლესობისათვის წყალსა და მითუმეტეს ორთქლზე მომზადებული კერძები ასოცირებულია მკაცრ დიეტასთან ან ჯანმრთელ, თუმცა უგემურ საკვებთან. 2014 წელს ეს ტენდენცია მარტივად შეიცვლება: წყალს შეცვლის ღვინო, ლუდი, ყავა და სხვა არომატული სასმელი, რომელიც კერძებს დელიკატურ და დახვეწილ არომატს მიანიჭებს.

სუში

1_culinart_issue11

სუშის რესტორნები ტრადიციულად ინარჩუნებენ პოპულარობას, თუმცა სიახლეები აქაც შეინიშნება. 2014 წლიდან თხელი, ზღვის ბალახისაგან დამზადებული ფირფიტები არა მხოლოდ „კალიფორნიაროლსის“ დასამზადებლად გამოიყენება, არამედ როგორც შესაკმაზი მასალა და ძირითადი კერძების გარნირი.

მაკარონის ახალი სახეობა

1_culinart_issue12
ორიგინალური, უჩვეულო პასტა მიმდინარე წლის ნამდვილი „ჰიტია“. პასტა-ცომი ფქვილის ალტერნატიული სახეობისგან მზადდება, რომელსაც აქამდე უცნობი, არომატული სანელებლები ემატება, ეს კი მაკარონს სრულიად ახალ, არაჩვეულებრივ გემოს ანიჭებს.

ხორცი ახალი სახით

ამერიკელი მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს სამრეწველო წესით დამზადებულ ხორცის პროდუქტებზე და უპირატესობას მცირე მეურნეობების მიერ წარმოებულ პროდუქციას ანიჭებენ. საინტერესოა ისიც, რომ აქამდე მეტად პოპულარული საქონლის ხორცი ნელ-ნელა პოზიციებს თმობს და მის ადგილს კურდღლისა და მტრედის ხორცი იკავებს.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com