ნატა გაგუა
შემთხვევები, როდესაც დიეტა არ მოქმედებს…
თუ ადამიანი ჯანმრთელია, იცავს დიეტას, მაგრამ შედეგს ვერ აღწევს, მაშინ დიეტა არასწორადაა შერჩეული. თუკი დიეტა ექიმის მიერ არის დანიშნული და შედეგი მაინც არასასურველია, ეს ნიშნავს, რომ პაციენტი დანიშნულებას ზუსტად არ იცავს. დიეტის დროს მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც თუ გამოგვეპარა, ეს შედეგზე უარყოფითად აისახება. ხშირად მომმართავენ პაციენტები, რომლებსაც არა აქვთ ჭარბი წონა, მაგრამ სურთ ჰქონდეთ იდეალური. მათი კლება კიდევ უფრო შრომატევადია. რაც უფრო ნაკლებია წონა, მით უფრო რთულია კლების პროცესი. როდესაც წონა ჭარბია, ოპტიმალურია კვირაში თითო კილოს დაკლება. ჯამში _ თვეში 4 კილო. ყველაზე მნიშვნელოვანია თუ რის ხარჯზე ხდება წონის შემცირება. იდეალურია, თუ პროცესი ცხიმოვანი ქსოვილების ხარჯზე მიმდინარეობს. თუ შეინიშნება კუნთების განლევა ან სითხის დიდი რაოდენობის კარგვა, ეს უკვე ცუდია.
თანამედროვე სამყაროში ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვების სტატისტიკა რომ არსებობდეს, „დიეტა“ ერთ-ერთი პირველი იქნებოდა. ჭარბი წონის პრობლემა ეკონომიკურ კრიზისსა და გლობალურ დათბობას მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება. დიეტა ბევრისთვის შიმშილთან ასოცირდება, სინამდვილეში კი ითარგმნება, როგორც ჯანსაღი, სწორი კვება. „კულინარტმა“ დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგ ნატა გაგუასთან წონის თავისებურებებზე ისაუბრა.
დიეტის დროს ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები…
ხშირად ხდება, როდესაც კალორიებზე აწყობილი დიეტის დაცვისას, გარკვეული შედეგის შემდეგ, წონაში კლება ფერხდება. პაციენტი ამ დროს ხშირად კიდევ უფრო ამცირებს კალორაჟს, განაგრძობს კლებას, თუმცა შემდეგ პროცესი კვლავ ჩერდება. ორგანიზმი კარგავს სითხეს, მიკროელემენტებს და ზოგადად იფიტება. ასეთ დროს ისეთი ჩივილები იჩენს თავს, რომ პაციენტი იძულებულია დაიწყოს კვება. შედეგად, მადა როგორც წესი საგრძნობლად ძლიერდება და ადამიანი იმატებს იმაზე მეტ კილოგრამებს , ვიდრე მანამდე აღენიშნებოდა.
6 საათის შემდეგ „არ ჭამის“ ფენომენი…
თუ ადამიანი გვიან იღვიძებს და მისი სამუშაო დღე გვიან მთავრდება, საღამოს 6 საათი მისთვის ადრეა. ოპტიმალურია, უკანასკნელი საკვები დაძინებამდე 4 საათით ადრე მივიღოთ.
ფიზიკური აქტივობა და დიეტა…
ყველაზე მართებულია კომპლექსური მკურნალობა როდესაც ჭარბწონიანი პაციენტი დიეტით მიაღწევს გარკვეულ კლებას, ხოლო შემდეგ იწყებს ზომიერ, ფიზიკურ დატვირთვას.
გასახდომი ჩაი, ყავა და აბები…
თუ დიეტოლოგი ან ენდოკრინოლოგი მიიჩნევს საჭიროდ ბიოდანამატის ჩართვას რაციონში და დარწმუნებულია, რომ პრეპარატი სუფთა მცენარეულია და პაციენტს ესაჭიროება, ეს სხვა თემაა. ჩვენს ბაზარზე შემოსული პრეპარატების უმრავლესობა, რომელიც შემდგომში კვების ინსტიტუტში გადიოდა აპრობაციას, მეტწილად იყო შარდმდენი, კუჭის მოქმედების გასააქტიურებელი ან მადის დამაქვეითებელი. ისინი ძირითადად ცენტრალური მოქმედების პრეპარატებია. ბევრი მათგანი დღეს მოხმარებიდან ამოღებული და აკრძალულია.
დიეტური პროდუქტები…
ყველას ვურჩევ, რომ გაექცნენ ერთფეროვნებას. დღის კვების რაციონში სასურველია იყოს ხილის გარკვეული რაოდენობა, ბოსტნეული, ხორცი, თევზი და რძის პროდუქტი. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმის, რომ მთელი ცხოვრება უპუროდ ვიკვებოთ. პური კარგად ანაყრებს, მაგრამ იგი უნდა იყოს აუცილებლად ჯანსაღი. ზრდასრული ადამიანი, დღეში საშუალოდ 80-100გრ პურს უნდა იღებდეს. ამ პროდუქტში არის ისეთი ცხიმები, ცილები და ნახშირწყლები, ასევე მიკრო და მაკროელემენტები, რომლებიც ორგანიზმის ჯანმრთელი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია. მნიშვნელოვანია კვების ჯერადობა. კვება სამჯერადი მაინც უნდა იყოს. კარგია, თუ სამჯერად კვებას ორჯერადი წახემსება დაემატება, ერთი სადილამდე, ხოლო შემდეგი _ ვახშმამდე. კვებიდან კვებამდე მინიმალური შუალედი 2 საათია, მაქსიმუმი _ 4. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ღამის ინტერვალი, ვახშმიდან საუზმემდე სასურველია 12-14 საათიანი შუალედის დაცვა.
„ლიმონის კანის“ სიმპტომი…
ხშირად მომმართავენ მოდელები, რომლებსაც იმის მიუხედავად, რომ წონის დეფიციტი აღენიშნებათ, პარალელურად აქვთ „ლიმონის კანის“ სიმპტომი, რომელსაც ჩვენ შეცდომით „ცელულიტს“ ვუწოდებთ. ლოკალური პრობლემის გამო ისინი მზად არიან იშიმშილონ. არადა ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ჯანსაღი კვება და ლოკალური პრობლემისთვის სწორი მასაჟი ან ლიმფოდრენაჟი. ზოგი ითვალისწინებს ჩემს რჩევას, თუმცა არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც შიმშილს ამჯობინებენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან.
მახარებს ის, რომ მოდიან ახალგაზრდები, რომლებსაც არ აღენიშნებათ წონის პრობლემა, თუმცა აქვთ სურვილი სწორი კვების კულტურა შეიმუშაონ. გაიგონ, თუ რომელი პროდუქტია კონკრეტულად მათი ორგანიზმისათვის მისაღები. ეს ტენდენია მისასალმებელია, რადგან მათ ხელს შეუწყობს, მთელი ცხოვრება ენერგიული და ჯანმრთელი იყვნენ. ახალგაზრდა თაობა მიხვდა, რომ პრევენცია გაცილებით იოლია, ვიდრე ზედმეტი კილოგრამების მოშორება.
ირაკლი გაფრინდაშვილი
„უთავმოყვარეო ოპტიმიზმი“ _ აქედან იწყება სიმსუქნე. უთავმოყვარეოდ ჭამ და თან ხარ ოპტიმისტი _ რაღაცის იმედი გაქვს, რომ გახდები. როდესაც წონამ ძალიან შემაწუხა, მივხვდი, რაღაც უნდა მემოქმედა, თანაც ერთხელ და სამუდამოდ. მირჩიეს დიეტოლოგი ნატა გაგუა. ნატა რომ გავიცანი, ძალიან გამიმართა _ მიუხედავად იმისა, რომ მასთან მოსული ადამიანების რიგი სადარბაზოდან იწყება, გეუფლება შეგრძნება, თითქოს მისი ერთადერთი პაციენტი ხარ. დეტალურად გეკითხება ყველაფერს, გიჩნდება ნდობა და რწმენა, რომ ეს ადამიანი დაგეხმარება. მთავარია მკურნალობის კურსს მიყვე და დეტალურად შეასრულო მითითებები. თუ ამისთვის მზად არ ხარ, ჯობს შინ წახვიდე და ჭამა განაგრძო. პროცესი არ არის სწრაფი. დრო ჯერ კლებას სჭირდება, შემდეგ კი წონის შენარჩუნებას. ამისთვის ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადო. სწორი კვება გუნება _განწყობილებაზეც აისახება: უფრო მსუბუქად და ჯანმრთელად გრძნობ თავს. რაც მთავარია, უარი უნდა ვთქვათ „თვითშემოქმედებაზე“ _ ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ასეთივე მიდგომა სჭირდება.